ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხულთა 27% პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს, 42% საშუალოდ, უარყოფითად 6%, 26%-მა კი არ იცის. მასთან შედარებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ დავით ბაქრაძის საქმიანობას გამოკითხულთა 34%-ის მოწონება აქვს, დაწუნება - 15%-ის, საშუალოდ ოპოზიციის ლიდერის საქმიანობას 35% აფასებს.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 27%, როგორც პრემიერმინისტრის შემთხვევაში. საშუალო შეხედულება პრეზიდენტის საქმიანობაზე 50%-ს აქვს, ხოლო უარყოფითი - 13%-ს.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, მისი საქმიანობა 21%-ს მოსწონს, 48% საშუალოდ აფასებს - ანუ არც მოსწონს და არც არ მოსწონს, უარყოფითად - 17%.
გამოკითხულთა 6% თვლის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე კარგად საქმიანობს, 10% კი ამბობს, რომ ცუდად, 30%-ს საშუალო დამოკიდებულება აქვს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
---
NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მსოფლიოში. NDI მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას.





