ვიზალიბერალიზაცია

ბოკერია: ივანიშვილის მთავრობის გამო ქართველი ხალხი არ უნდა დაზარალდეს

უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი გზავნილი უცვლელი იყო და რჩება - ქართველი ხალხი იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას და ივანიშვილის მთავრობის გამო არ უნდა დავზარალდეთ. ეს იყო ჩვენი გზავნილი ყოველთვის, ეს არის ჩვენი სტრატეგიული ინტერესი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების და როგორც პოლიტიკური ძალის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს პროცესი არის ჩვენი მემკვიდრეობა, მაგრამ ამაზე წინ დგას ის, რომ ეს არის ამ ქვეყნისთვის ის გზა, რაზეც დგას ჩვენი პოლიტიკური ხედვის ფუნდამენტი. მიუხედავად ამისა, არის რა ჩვენი გზავნილი მკაფიო, ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენს მისი მთავრობა. ყველა ის ადამიანი, ვინც შეთქმულების თეორიებში შედის, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესის გადადება ნაციონალური მოძრაობის ბრალია, ან ინფანტილურია და არ ესმის, ან შეგნებულად ცდილობს პოლიტიკური ქულების დაგროვებას. ნაციონალური მოძრაობის „ბრალია", რომ ჩვენ ამ გზაზე დავდექით. ეს არის შედეგი იმ შრომის, როდესაც კრიტიკოსებს თავს კი არ ვესხმოდით, კრიტიკის გამო მტრებად კი არ ვაცხადებდით, მათთან ერთად ვმუშაობდით, რომ დაგვერწმუნებინა, - საქართველო ამას ნამდვილად იმსახურებს. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ სამუშაოს ნაცვლად, იწყებს პუტინისა და ამ ტიპის რეჟიმების მსგავსად, ტალახის სროლას პირდაპირ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ. როცა EPP-ზეა საუბარი, ევროგაფართოების კომისარი ჰანი არის ევროპის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც არის მთავარი „მოტორი" ამ საკითხის ლობირების. ევროპის სახალხო პარტიას ყველა სხვა ჯგუფზე ადრე ჰქონდა პოზიცია, რომ საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაცია მათთვის მისაღებია. ევროპარლამენტში და ყველგან, EPP ყოველთვის და დღესაც, მოწინავე და ლიდერი იყო როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროინტეგრაციის მხარდაჭერისა. როცა მთავრობა ხარ, უნდა მოახერხო, რომ ასეთ მხარდამჭერებს გაუჩინო კითხვები შენი მოქმედებებით, სიზარმაცითა და არაკომპეტენტურობით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები