ვიზალიბერალიზაცია

ბოკერია: უვიზო მიმოსვლის ნებისმიერი გადადება არის ცუდი

ჩვენთვის მთავარია, რას მოუტანს უვიზო მიმოსვლა ქვეყანას და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლა იქნება კარგი. თუ მაინცდამაინც შიდაპოლიტიკურ ჭრილში გვინდა განხილვა, მინდა გითხრათ, რომ სიმართლეც ასეთია და კვლევებიც ამას ადასტურებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობა და ამ საქმის გაგრძელებას აპირებს ნაციონალური მოძრაობა. მინდა გითხრათ, რომ უვიზო მიმოსვლა არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. მაგრამ ამის პარალელურად და პირველ რიგში, უნდა შევაჩეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დემოკრატიის და პროევროპული/პროდასავლური კონსენსუსის ეროზია. მათ ივანიშვილი უთხრის ძირს თავისი პოლიტიკით. ამ პრობლემას ჩვენ გადავურჩებით ოქტომბერში დემოკრატიული არჩევნებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქამდე ჩვენმა ქვეყანამ უვიზო მიმოსვლა მიიღოს. მომენტი არ უნდა დავკარგოთ, რადგან ისტორიას აქვს მომენტები, ფანჯრები - რომელიც იღება და მერე შეიძლება დაიხუროს. 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის შემდეგ, ეს ფანჯარა ორჯერ გაიხსნა და სხვა ქვეყნებმა ამით ისარგებლეს. ყოფილი კომუნისტური იმპერიის ნაწილი გათავისუფლდა იმიტომ, რომ ფორმაში იყვნენ. ჩვენ ფორმაში არ ვიყავით არც 90-იანი წლების დასაწყისში და არც 1999 წელს, რუსეთის დასუსტებისას. მაშინ გამოვტოვეთ ეს შანსები. ახლა არის კიდევ ერთი ისტორიული მომენტი - ჩვენი ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი საფრთხეები დგას, მაგრამ ამ ჭაობიდან გაღწევის ასევე დიდი შესაძლებლობები გვაქვს. არ გვაქვს უფლება, რომ ეს შანსი ხელიდან გავუშვათ. ამ პროცესში ერთერთი კომპონენტია უვიზო მიმოსვლა, რომლის ნებისმიერი გადადება არის ცუდი - ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისთვის.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები