კადრების საქმე

გიგაური: მეჭიაური და ლორთქიფანიძე პროკურატურამ უნდა დაკითხოს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პროკურატურას მიმართავს, რომ დეპუტატები - თამაზ მეჭიაური და დავით ლორთქიფანიძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით დაკითხოს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, მნიშვნელოვანია თამაზ მეჭიაურისა და დავით ლორთქიფანიძის დაკითხვა, რადგან ისინი გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით კონკრეტულ დეტალებზე საუბრობდნენ.

"მნიშვნელოვანია, რომ ბატონი მეჭიაური და ლორთქიფანიძე დაიკითხოს პროკურატურის მიერ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი, ერთის მხრივ, აანონსებდნენ და მეორეს მხრივ, კონკრეტულ დეტალებზე საუბრობდნენ ამ ვიდეოებთან დაკავშირებით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, თუ რა ინფორმაცია გააჩნიათ ამ კონკრეტულ პირებს და იმ შემთხვევაში, თუკი გამოვლინდა მათი კავშირი ამ ყველაფერთან, რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს", - თქვა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური. ის სახელმწიფო სექტორს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებს. მან ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პირები, რომლებზეც არსებობს კომპრომატები, უნდა გაერიდონ ხელისუფლებას.

"მე მოვუწოდე ისეთი თანამდებობის პირებს, რომლებზეც შეიძლება არსებობდეს ისეთი კომპრომატები, არამარტო ამ ვიდეო მასალაში, არამედ ზოგადად ნებისმიერი ფორმით, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო ინტერესის დამაზიანებელი, საფრთხის შემცველი, ასეთი თანამდებობის პირები უნდა განერიდონ ხელისუფლებას, ეს საქართველოში იქნება თუ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც საფრთხეს უქმნის საკუთარი ქვეყნის უშიშროებას და რომელიც შეიძლება იყოს შანტაჟს დქვემდებარებული, ის არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ეს არის შანტაჟი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან ზუსტადაც, იმიტომ, რომ ცდილობენ ნებისმიერი საფრთხის შემცველი ქმედებები გადაფარონ", - თქვა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები