კადრების საქმე

ლორთქიფანიძე: ადამიანს, ვისაც ორი შეყვარებული ჰყავს, მხარს ვერ დავუჭერ

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს ადამიანი, ვისაც ერთდროულად ორი სხვადასხვა შეყვარებული ჰყავს. ლორთქიფანიძის შეფასებით, პირადი ცხოვრება ხელშეუვალია, თუმცა არსებობს მორალი, რომელიც ადამიანმა უნდა შეინარჩუნოს. კითხვაზე აღწერს თუ არა ლორთქიფანიძე ახალ, ჯერ-ჯერობით გამოუქვეყნებელ ფარულ ვიდეოჩანაწერს ლორთქიფანიძე პასუხობს, რომ ის პოლიტიკოსია, ამიტომაც მას ასეთ მასალებთან დაკავშირებით არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

"მეჭიაურის პათოსს ასე კონკრეტულად და გაჭრით არ ვიზიარებ. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. განსაკუთრებით მათ ვინც არჩევით თანამდებობაზეა თუ ვინ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი არჩევნების გზით. პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია, არის პირადი ცხოვრება და არის მორალი რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვთქვი და ვიმეორებ ყველა შეყვარებულს მხარს დავუჭერ, მაგრამ ორი შეყვარებული როდესაც არის ერთად, ამას მხარს ვერ დავუჭერ. ორი ერთდროულად სხვადასხვა შეყვარებული თუ ჰყავს ადამიანს ამას მხარს მე ვერ დავუჭერ. მე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ ეს არის ჩემი პოზიცია. მე პოლიტიკოსი ვარ და არა გამომძიებელი ამიტომაც მე არ მაქვს არანაირი დამატებითი ინფორმაცია."- რუსთავი ორთან საუბარში ამბობს ლორთქიფანიძე.

ლორთქიფანიძის ამ განცხადებასთან დაკავშირებით კამპანია ეს შენ გეხება აღშფოთებას გამოთქვამს. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები არის იმ დანაშაულის ლეგიტიმაცია, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი.

"კამპანია "ეს შენ გეხება" ეხმაურება კოალიცია ქართული ოცნების წევრებისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების, თამაზ მეჭიაურისა და დავით ლორთქიფანიძის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს. თამაზ მეჭიაურმა ფარული ჩანაწერების გავრცელების შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ,,თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მაკომპრომეტირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ", ხოლო დავით ლორთქიფანიძემ პირდაპირ ეთერში გადაცემის წამყვანს მიმართა არაეთიკური ფრაზით.

კამპანია "ეს შენ გეხება" აღშფოთებას გამოთქვამს იმ განცხადებების გამო, რომლებიც გაჟღერდა აღნიშნული პირების მიერ. ეს განცხადებები არის ფაქტიურად იმ დანაშაულის ლეგიტიმაცია, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი. დეპუტატები ფაქტიურად არიან იმ ქმედებების თანამონაწილენი, რომელთა მიზანს კონკრეტული პირების და საზოგადოების შანტაჟი წარმოადგენდა. ჩნდება ეჭვი, რომ აღნიშნულ პირებს არ გააჩნიათ სახელმწიფოებრივი ხედვა, ასეთი ტიპის დანაშაულებთან მიმართებაში. მათი განცხადებები ჩრდილს აყენებს მთავრობის მეთაურის, საქართველოს პროკურატურის და სხვა მაღალჩინოსანთა განცხადებებს, აღნიშნული ფაქტების ეფექტური გამოძიების საჭიროებასთან დაკავშირებით. ასევე ვფიქრობთ, რომ დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები ცალსახად წარმოადგენს უკვე ჩადენილი თუ სავარაუდოდ დაანონსებული დანაშაულების გამართლებასა და წახალისებას."

კომენტარები