კადრების საქმე

მეჭიაური: უცხოურმა სპეცსამსახურებმა შესაძლოა კადრები შანტაჟისთვის გამოიყენონ

თამაზ მეჭიაური
ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ უცხოეთის სპეცსამსახურებმა ფარული კადრების მეშვეობით შესაძლოა უმაღლესი თანამდებობის პირებისგან საიდუმლო ინფორმაცია მიიღონ. ამიტომაც მეჭიაური ფიქრობს, რომ იმ პირებმა ვისზეც არსებობს ეს ჩანაწერები თანამდებობები უნდა დატოვონ.

"თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ რომელიმე უმაღლესი თანამდებობის პირი დაშანტაჟებულ იქნეს უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ და ამ უმაღლესი თანამდებობის პირთა მიერ მოხდეს ამ სპეცსამსახურებზე ინფორმაციის გადაცემა, ან ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც დააზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას ასეთი თანამდებობის პირები უნდა განერიდონ სამსახურს." - რუსთავი ორთან საუბარში ამბობს თამაზ მეჭიაური.

მეჭიაურის ამ განცხადებასთან დაკავშირებით კამპანია ეს შენ გეხება აღშფოთებას გამოთქვამს. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები არის იმ დანაშაულის ლეგიტიმაცია, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი.

"კამპანია "ეს შენ გეხება" ეხმაურება კოალიცია ქართული ოცნების წევრებისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების, თამაზ მეჭიაურისა და დავით ლორთქიფანიძის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს. თამაზ მეჭიაურმა ფარული ჩანაწერების გავრცელების შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ,,თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მაკომპრომეტირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ", ხოლო დავით ლორთქიფანიძემ პირდაპირ ეთერში გადაცემის წამყვანს მიმართა არაეთიკური ფრაზით.

კამპანია "ეს შენ გეხება" აღშფოთებას გამოთქვამს იმ განცხადებების გამო, რომლებიც გაჟღერდა აღნიშნული პირების მიერ. ეს განცხადებები არის ფაქტიურად იმ დანაშაულის ლეგიტიმაცია, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი. დეპუტატები ფაქტიურად არიან იმ ქმედებების თანამონაწილენი, რომელთა მიზანს კონკრეტული პირების და საზოგადოების შანტაჟი წარმოადგენდა. ჩნდება ეჭვი, რომ აღნიშნულ პირებს არ გააჩნიათ სახელმწიფოებრივი ხედვა, ასეთი ტიპის დანაშაულებთან მიმართებაში. მათი განცხადებები ჩრდილს აყენებს მთავრობის მეთაურის, საქართველოს პროკურატურის და სხვა მაღალჩინოსანთა განცხადებებს, აღნიშნული ფაქტების ეფექტური გამოძიების საჭიროებასთან დაკავშირებით. ასევე ვფიქრობთ, რომ დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები ცალსახად წარმოადგენს უკვე ჩადენილი თუ სავარაუდოდ დაანონსებული დანაშაულების გამართლებასა და წახალისებას."

კომენტარები