პატიმართა შეწყალების კომისია

ქორიძე: ჩვენც ძალიან გვაწუხებს უვადო მსჯავრდებულთა მდგომარეობა

http://pirveliradio.ge

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად უვადო მსჯავრდებულებზე პატრიარქის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მსჯავრდებულებზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის ვალია და ეს საკითხი პრეზიდენტისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ის, რომ საზოგადოების ნებისმიერმა წევრმა უნდა იფიქროს, უნდა იზრუნოს მსჯავრდებულებზე და განსაკუთრებით უვადო მსჯავრდებულებზე, ამაზე მე მგონი, ზედმეტი კომენტარის გაკეთება არც არის საჭირო. მე მიმაჩნია, რომ თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა ის, რომ იფიქროს ამ მსჯავრდებულთა მდგომარეობაზე, განსაკუთრებით უვადო მსჯავრდებულების. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ შეწყალების კომისიას და განსაკუთრებით პირადად პრეზიდენტს ძალიან აწუხებს უვადო მსჯავრდებულთა მდგომარეობა", - თქვა ზვიად ქორიძემ.

ქორიძის განმარტებითვე, საქართველოს პრეზიდენტმა ორი წლის წინ შეცვალა დებულება უვადო მსჯავრდებულთა შესახებ, რომლის მიხედვითაც, უვადო მსჯავრდებულს მხოლოდ 25 წლის სასჯელის მოხდის შემდეგ შეეძლო მიემართა შეწყალების კომისიისთვის. ახლა ეს პერიოდი 15 წელს შეადგენს.

„უკვე იმ უვადო მსჯავრდებულებს, ვისაც აქვთ 15 წელი საპატიმრო სასჯელი მოხდილი, არსებითად განიხილავს შეწყალების კომისია. გარდა ამისა, ისედაც განიხილავს უვადო მსჯავრდებულთა საკითხებს კომისია და წარუდგენს რეკომენდაციებს პრეზიდენტს", - თქვა მან.

ზვიად ქორიძის თქმით, პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა 8 უვადო მსჯავრდებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი უვადო პატიმრობა განისაზღვრა გარკვეული ვადით და ეს პროცესი კვლავ გრძელდება.

„ორი წლის განმავლობაში უკვე რვა უვადო მსჯავრდებული შეიწყალა პრეზიდენტმა. შეწყალება თავისთავად ნიშნავს გათავისუფლების განსაზღვრული ვადების დადგენას ანუ ისინი ვადიან მსჯავრზე გადაიყვანა, ოღონდ ყველა სხვადასხვა ოდენობით მოიხდის დარჩენილ სასჯელს. ეს პროცესი არ დახურულა, ეს პროცესი გრძელდება და შეწყალების კომისიაში, ყოველ კომისიაზე მუდმივად შემოდის ამა თუ იმ უვადო მსჯავრდებულის საკითხი. ბუნებრივია, უვადო მსჯავრდებულების დანაშაულები, რის გამოც მათ მსჯავრი დაედოთ, არის საკმაოდ მრავალმხრივი, საკმაოდ ფართო სპექტრია იქ დანაშაულების და ცალკეული ამ დანაშაულების დეტალებსაც სწავლობს კომისია. ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენ შევხვდით უვადო მსჯავრდებულებს, ვესაუბრეთ და ამის შემდგომ გარკვეული გადაწყვეტილებაც გამოიტანა კომისიამ და, შესაბამისად, შემდეგ პრეზიდენტმა", - თქვა ქორიძემ.

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ პარლამენტს უვადო პატიმრობის წესის გადახედვისკენ მოუწოდა. 20 მარტის საკვირაო წირვაზე პატრიარქმა თქვა, რომ „თუ ესა თუ ის პატიმარი დადგა გამოსწორების გზაზე და მაგალითი არის სიკეთის, შეიძლება პატიმრობა უკვე უვადო კი არ იყოს, რაღაც გარკვეული ვადა იყოს, რომ იმედი მიეცეს მას. მე მქონდა შეხვედრა მათთან. ალბათ ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება მიაქცევენ ყურადღებას".

კომენტარები