კრიმინალი

მოსყიდვისთვის, სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ა(ა)იპ "სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის" დირექტორი დარეჯან შურღაია და მისი მოადგილე გოჩა ერემაძე დააკავა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დარეჯან შურღაიამ და გოჩა ერემაძემ ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეს შესთავაზეს სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ზემოხსენებული ა(ა)იპ-ის ბალანსზე რიცხული 350 კვ/მეტრის ფართის შენობის 5-წლიანი იჯარით გადაცემა. ურთიერთშეთანხმების შემდეგ, მათ მოქალაქეს ხელშეკრულება ოფიციალურად გაუფორმეს მხოლოდ 170 კვ/მ ფართის შესაბამისი საიჯარო თანხის გადახდის პირობით, ხოლო დანარჩენი ფართით ხუთწლიანი ვადით სარგებლობისა და მფარველობის გაწევის სანაცვლოდ 30 000 ლარი მოსთხოვეს. დარეჯან შურღაიამ და გოჩა ერემაძემ ამავე მოქალაქეს მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 15 000 ლარი გამოართვეს, რა დროსაც ისინი დააკავეს" - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" ქ/პუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები