ბლოგი

რუსული ტანკები ვაშლის ბაღებში

Amnesty International

რაში სჭირდება რუსეთს ვაშლის ბაღებში გატარებული გზა. ვინმეს ჰგონია, რომ მანდ მანქანები ივლიან? სჭირდებათ პოლიტიკური დაძაბულობის გრადუსის შესანარჩუნებლად. ისევე, როგორც ქორწინების შესახებ კონსტიტუციური ცვლილებები, ანტიქართული ( პრორუსული რომ ვთქვა ზედმეტი პატივია, რაღაც პოლიტკორექტულად ჟღერს) პარტიის შექმნა შევარდნაძისდროინდელი, კორუფციაში მხილებული, რუსეთში გადახვეწილი თუ ევროპაში თბილად მოწყობილი პირების მიერ, სექსსკანდალები, პოლიტიკოსებზე ფიზიკური თავდასხმები, მუშათა გაფიცვები, უნივერსიტეტში თუ სხვაგან მომხდარი არეულობები, მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირება თუ მმართველი პარტიის დაპირისპირება სხვების მიმართ. ესენი მხოლოდ ამ ერთი თვის დუღილია. ასე იყო ყოველ თვეს. მხოლოდ თემებია განსხვავებული.

ეს არის პოლიტიკოსებად წოდებული რუსეთის გავლენის აგენტების, ფულით დაქირავებული ნამდვილი აგენტების და საბჭოთა პერიოდში იძულებით თუ ნებაყოფილებით რეკრუტიტებული აგენტების ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგი. 
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი მათი დაგეგმილია, ყველაფერი მათი მოწყობილია, ყველაფერში მათი ხელი ურევია.

არა!

ამ ყველაფრისგან ისინი ხეირს ელოდებიან. ჩასაფრებული არიან.

სადაც შეუძლიათ გააღვივებენ, სადაც შეუძლიათ წააქეზებენ, სადაც შეუძლიათ გაავრცელებ, სადაც შეუძლიათ ”გააჭორებენ”!

წინ პატრიოტულ ნიღაბს მოირგებენ და უკან მართმადიდებლურს!

ჩვენ ახლა ვდგავართ რეალური დამოუკიდებლობის მოპოვების ისტორიულ ზღურბლზე. ერთი ნაბიჯი და უკან ვვარდებით, ერთი ნაბიჯი და ალბათ სამუდამოდ ვცილდებით მიზიდულობის საგანს. თითქმის თანაბარია მიზიდულობა-განზიდულობის ძალები. ამიტომაც მივდივართ მძიმე ნაბიჯებით მრავალი წელი. სულ რაღაც 50 კილომეტრში რუსული ტანკები დგას!

ეს, სიტყვებიც გაცვეთილ პოლიტიკურ კლიშედ იქცა, რეალური საფრთხის შეგრძნებისაგან დაცლილად. რუსული ტანკები დგას ვაშლის ბაღებთან, თბილისიდან ცოტა მოშორებით და ცენტრალური არტერიიდან სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში...

პირდაპირ მინდა ვთქვა: 
რუსეთისადმი მსახურება ღალატია!
რუსეთში ფულის კეთების გამო დათმობებზე წასვლა-ღალატია!
რუსეთის საფრთხის დაუნახაობა სიბეცეა!
სიბეცით ჩადენილი თუ შეგნებულად ჩადენილი ღალატი ორივე ღალატია!

არ არის ღალატი ქართული ექსკლუზივი. ამით ღალატს ვამართლებთ. ვეგუებით. ღალატის ეროვნული დეტერმინიზმის იდეის მსხვერპლი ვხდებით. ყველგან ღალატობდნენ!ისინი გადარჩნენ, ვინც შეძლეს შინაგანი ძალების მობილიზება, ვინც წარსულის წიაღში არსებული რესურსები ახალი ენერგიის მისაღებად გამოიყენეს, ვინც შანსი ხელიდან არ გაუშვა.

ისტორია ყველას აძლევს შანს. ჩვენც მოგვეცა. წინათ ვერ გამოვიყენეთ. ახლა სულ ცოტაღა დაგვრჩა. 

შანსის გამოუყენებლობაც ღალატია! 
მთელი თაობის მიერ ჩადენილი.

კომენტარები