საქართველოს ეკონომიკა

იანვარში ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე 3.7-ჯერ დაბალი იყო და მან 0.8% შეადგინა

Getty Images

2016 წელი საქართველოს ეკონომიკამ შენელებით დაიწყო. საქსტატის მონაცემებით, იანვრის ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 0.8% იყო, რაც მთავრობის მიერ დაგეგმილ 3%-იან ზრდასთან შედარებით 3.75 ჯერ დაბალია. 

ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, ერთი მხრივ, 22%-ით შემცირებულმა ექსპორტის მაჩვენებელმა, ასევე 25%-ით შემცირებულმა იმპორტის მაჩვენებელმა.

კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტორი ახალი ბიზნესების რეგისტრაციის შემცირება გახდა, რაც იანვარში წინა წელთან შედარებით 17%-ით ნაკლები იყო. 

სახელმწიფო ბიუჯეტი გათვლილია 3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. თუკი ეკონომიკური ზრდა ასეთი დაბალი ტემპით გაგრძელდა, მაშინ საქართველო სამიზნე ზრდას ვერ მიაღწევს. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო ზრდამ 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით აღემატებოდა. 

2015 წლის იანვარში გადასახადების მოცულობა საბიუჯეტო ხარჯების მოცულობას აჭარბებდა, 2016 წლის იანვარში კი სამთავრობო ხარჯები გადასახადებს აღემატებოდა, რასაც ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა. 

საქსტატის მონაცემები წინასწარია და დაზუსტებულ მონაცემებს შესაძლოა არ ემთხვეოდეს.

კომენტარები