მეჭიაური: რადგან ქუთაისის აეროპორტი უკვე არსებობს, სარგებელიც უნდა ვნახოთ

ტაბულა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის განცხადებით, "რადგან ქუთაისის აეროპორტი უკვე არსებობს, ამიტომ, მაქსიმალური სარგებელი უნდა ნახოს ამით ქვეყანამ". მეჭიაურმა ტაბულას კითხვას უპასუხა, რომელიც კოპიტნარის აეროპორტზე მთავრობის 2013 წლის შეფასებას ეხებოდა. კერძოდ, 2013 წელს მთავრობამ წინა ხელისუფლების მიერ არამიზნობრივად განხორციელებულ პროექტებს შორის ქუთაისის აეროპორტის მშენებლობაც (53 მლნ ლარი) დაასახელა. მეჭიაურმა დღეს თქვა, რომ მას მთავრობის ეს შეფასება არ უნახავს.

"თუმცა, უკვე არსებობს ეს აეროპორტი და რაც უფრო მეტად იქნება ის დატვირთული და მეტ მგზავრს მოემსახურება, რაც უფრო მეტ ადამიანს დაასაქმებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგია და უნდა მივესალმოთ ამას" - ამბობს დეპუტატი.

ტაბულას კითხვაზე, "ანუ მცდარი იყო მთავრობის ეს შეხედულება"?, მეჭიაური პასუხობს, რომ "მე ვერ გეტყვით, რა შეხედულებები იყო ადრე. ვერ გეტყვით, რა ხარჯები იყო გაწეული ამ აეროპორტზე და გამომდინარე აქედან, ვერც ამას გეტყვით, თავის დროზე, რამდენად ეფექტური იყო იმ ხარჯების გაღება, რაც ამ აეროპორტზე დაიხარჯა. მაგრამ მე ამოვდივარ იქიდან, რომ ეს აეროპორტი უკვე არსებობს და რადგანაც არსებობს, ამიტომაც, მაქსიმალური სარგებელი უნდა ნახოს ამით ქვეყანამაც და ქალაქმაც. ეს უნდა აისახოს ტურისტების ნაკადის ზრდაში, სამუშაო ადგილების შექმნაში და ა.შ".

2016 წლის სექტემბრიდან, ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. პირდაპირი რეისები შესრულდება ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სოფიას მიმართულებით.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ინვესტორთა საბჭოს დაწყების წინ ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატების გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, WizzAir-ის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.

კომენტარები