ლგბტ უფლებები

NGO-ები ხელისუფლებას: ლგბტ საკითხებს პოლიტიკური სპეკულაციისთვის ნუ გამოიყენებთ

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს „ოჯახის“ დეფინიციის შესახებ პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ჯგუფის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას. მათი შეფასებით, ინიციატივა თავისი არსით ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებს. ასევე, წარმოადგენს პოპულისტურ სვლას, რომელიც მეტწილად წინასაარჩევნო პერიოდში რელიგიური ინსტიტუციისა და უმრავლესობის ლოიალობის მოპოვებისკენ არის მიმართული. არასამთავრობოების განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ოჯახი უნდა განისაზღვროს, როგორც ქალისა და კაცის ერთობა, ლგბტ ადამიანთა დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის პრობლემებს გააღრმავებს.

არასამთავრობოების აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ლგბტ თემსა და ორგანიზაციებს ქორწინების თანასწორობის საკითხი საქართველოს სამართლებრივ და პოლიტიკურ დღის წესრიგში არასოდეს დაუყენებიათ. მათი თქმით, სახელმწიფოში არსებული ინსტიტუციონალური ჰომოფობიის პირობებში, ლგბტ პირები განდევნილნი არიან საჯარო სივრცეებიდან და ხდებიან დისკრიმინაციისა და სისტემური ძალადობის მსხვერპლნი, რაც მათ ხელს უშლით ისარგებლონ მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული ძირეული უფლებებით.

„აღნიშნული ძალადობრივი სისტემის ლეგიტიმაციას კი ხელს უწყობს ლგბტ პირთა მიმართ არსებული სახელმწიფოს იგნორირების პოლიტიკა და არაეფექტრი ბრძოლა ჰომო/ტრანსფობიური დანაშაულებისა და უფლებათა დარღვევის პრაქტიკების მიმართ. ამ პირობებში, ქორწინების უფლება საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანების უმეტესობისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება. შესაბამისად, ეს საკითხი არც ლგბტ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დღის წესრიგში დგას“, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ თანასწორი ქორწინების მიმართ კონსენსუსი მსოფლიოს ქვეყნებში ჯერ კიდევ არ არის მიღწეული, თუმცა ევროპის სახელმწიფოებს შორის სულ უფრო მზარდია ქორწინების თანასწორობისა და პარტნიორული ურთიერთობების სამართლებრივად აღჭურვის ტენდენცია.

„ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობის სხვადასხვა ფორმას აღიარებს ევროპის 27 სახელმწიფო (რომელთა უმრავლესობას შეადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები). ხოლო, ევროპის 49 სახელმწიფოთაგან ქორწინების თანასწორობაზე კონსტიტუციური ლიმიტაცია დადგენილი აქვს ევროპის მხოლოდ 14 სახელმწიფოს, მათ შორის სომხეთს, აზერბაიჯანსა და უკრაინას. ბოლო წლების განმავლობაში ამგვარი შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა ლატვიაში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და ხორვატიაში, რაც საერთაშორისო ორგანიზაცია ILGA Europe-ის შეფასებით, პროვოცირებული იყო რელიგიური ექტრემისტებისა და ულტრაკონსერვატიული პარტიების მიერ, რომლებიც არ ერიდებიან, მათი ვიწრო ჰომოფობიური დღის წესრიგის გასატარებლად გამოიყენონ იმგვარი დემოკრატიული ინსტრუმენტები, როგორიც არის საკონსტიტუციო შესწორება და რეფერენდუმი“, - აღნიშნავენ არასამთავრობოები.

NGO-ების განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო არ მოიცავს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობების სამართლებრივად აღჭურვის შესაძლებლობებს, მათ შორის პარტნიორულ ურთიერთობებს, ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში ოჯახის არაშეზღუდული დეფინიციის გაუქმებასა და დავიწროებას ისახავს მიზნად, უნდა შეფასდეს, როგორც კონსტიტუციური სტანდარტებისა და ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესების მცდელობა.

„ცალსახაა, რომ ინიციატივა ეფუძნება არა ოჯახებზე ზრუნვას, არამეთ მიზანმიმართულია ლგბტ პირების უფლებათა არაღიარებასა და ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორული ურთიერთობების დაცვის აკრძალვისკენ. მაშინ, როდესაც ევროპული სახელმწიფოები წინ მიიწევენ ლგბტ ოჯახების სამართლებრივი აღიარებისა და სოციალური მიმღებლობის განვითარებით კუთხით, საქართველოს მხრიდან აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება ემსახურება დამატებითი შეზღუდვების, აკრძალვებისა და დისკრიმინაციის გამყარებას ლგბტ პირთა მიმართ“ - აცხადებენ არასამთავრობოები და მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ „მოახდინოს ლგბტ თემატიკის დეპოლიტიზაცია და არ გამოიყენოს აღნიშნული საკითხები პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით; შეაჩეროს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელიც კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილს შეეხება; გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რომ არ გააძლიეროს საზოგადოებაში ფობიური დამოკიდებულება და ხელი შეუწყოს ტოლერანტული გარემოს შექმნას; შეწყვიტოს ლგბტ პირთა უფლებებით მანიპულირება და პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს. დაიწყოს დისკუსია და მუშაობა გენდერულად ნეიტრალური ქორწინების/პარტნიორული ურთიერთობების სტანდარტების დანერგვაზე ქვეყნის კანონდმებლობაში, რომელშიც ჩართული იქნებიან ლგბტ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები“.

განცხადების ხელმომწერები არიან ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ლგბტ საქართველო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, იდენტობა და თემიდა.

კომენტარები