ლგბტ უფლებები

სასამართლომ გეი ბიჭს მამის მიერ წართმეული სახლი დაუბრუნა

თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მათი სარჩელი, რომლითაც ორგანიზაცია გეი ბიჭი მამას სახლის წართმევას ედავებოდა, რის გამოც იგი უსახლკაროდ დარჩა.

"სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად ცნეს ჩუქების ხელშეკრულებები, რომლითაც მამამ, როგორც კანონიერმა წარმომადგენელმა, არასრულწლოვანი შვილის სახელზე აღრიცხული ქონება, სიძულვილის მოტივით მამამისს აჩუქა", - ამბობენ თანასწორობის მოძრაობაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, უძრავი ქონება ბაბუამ თავის არასრულწლოვან შვილიშვილს 5 წლის წინ აჩუქა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გაიგეს მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, ეს ქონება მამამ, ბაბუამ და მამიდამ ერთი წლის წინ ჯერ ისევ ბაბუის, შემდეგ კი მამიდას სახელზე გადააფორმეს.

გარდა ამისა, თანასწორობის მოძრაობაში ამბობენ, რომ შვილის სახელზე აღრიცხული ქონების გაჩუქებამდე, მამა შვილზე სისტემატურად ძალადობდა: კვირაში ორჯერ ან სამჯერ აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამის გამო მოძალადე მამა 2018 წლის თებერვალში სასამართლომ ძალადობის ბრალდებაში დამნაშავედაც ცნო. თუმცა, ბიჭისთვის სახლის დაბრუნების პარალელურად, აღნიშნული ბინიდან მოძალადე მამის და ბაბუის გამოსახლების შესახებ მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

"მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილ იქნა არაერთი მტკიცებულება მამის მხრიდან არასრულწლოვან შვილზე ძალადობის განხორციელებასთან დაკავშირებით", - აღნიშნავენ თანასწორობის მოძრაობაში.

ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, ბიჭთან შეთანხმებით, გადაწყვეტენ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ თუ არა.

"მოტყუებით წართმეული ქონების ისევ არასრულწლოვნის სახელზე გადაფორმება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა", - აღნიშნავენ თანასწორობის მოძრაობაში.

მათი განმარტებით, კანონმდებლობის მიხედვით, მამას, როგორც მეურვეს უფლება ჰქონდა, რომ მისი შვილის სახელზე რიცხული ქონება სხვის სახელზე გაეფორმებინა. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ მამის ეს ქმედება განპირობებული იყო დისკრიმინაციული საფუძვლით – მამას არ მოსწონდა, რომ მის შვილს განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და თვითგამოხატვა აქვს.

კომენტარები