აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ნიუ ჰემფშირის შიდაპარტიულ არჩევნებში ტრამპი და სანდერსი ლიდერობენ

აშშ-ში ნიუ ჰემფშირში შიდაპარტიული არჩევნები გაიმართა. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, დათვლილია ხმების 89%.

არჩევნების შედეგად, რესპუბლიკელთა შორის, ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი ლიდერობს ხმების 35.13 %-ით. მეორე ადგილზეა ოჰაიოს გუბერნატორი ჯონ კეისიჩი ხმების 15.9 %-ით. მესამე ადგილი კი, ტექსასის შტატის სენატორმა ტედ კრუზმა დაიკავა 11.56 %-ით.

რაც შეეხება დემოკრატიულ პარტიას, აქ ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი ლიდერობს ხმების 59.97 %-ით, ხოლო აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს ხმების 38.4 % აქვს დაგროვებული.

შეგახსენებთ, რომ შიდაპარტიული არჩევნები უკვე გაიმართა აიოვის შტატში, სადაც რესპუბლიკელებს შორის ტედ კრუზმა გაიმარჯვა, დემოკრატებს შორის კი ჰილარი კლინტონმა, თუმცა, მას სანდერსი მხოლოდ 0.3 %-ით ჩამორჩა.

მომდევნო თვეებში მსგავსი ტიპის არჩევნები დანარჩენ შტატებშიც გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნები კი მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდება.

კომენტარები