ლარი ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4763 ლარი გახდა.
დღეს ერთი დოლარი 2.4702 ლარი ღირდა. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარის კურსი ევროსთან მიმართებით 0.0183 ლარით გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულებამ 2.7009 ლარი შეადგინა. ლარის კურსმა გაუფასურების მაქსიმუმს 27-28 იანვარს მიაღწია. ერთი აშშ დოლარის ფასი 2.4985 ლარი იყო.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ 26 იანვარს ივარაუდა, რომ ლარი უახლოეს მომავალში 2.4-იან ნიშნულს დაუბრუნდება.
ლარის გაუფასურებას ექსპორტის, ფულადი გზავნილების, ტურიზმის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება იწვევს. ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, იანვარში იმპორტი 25%-ით შემცირდა, რაც ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირებას აბალანსებს. მთავრობა ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას რეგიონის ქვეყნებში არსებულ სავალუტო რყევებს უკავშირებს.





