საქართველოს რაგბის კავშირი

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად გოჩა სვანიძე აირჩიეს

რუსთავი 2

საქართველოს რაგბის კავშირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. გოჩა სვანიძე დელეგატებმა 35 ხმით აირჩიეს. ილია ზედგინიძემ კი 32 ხმა აიღო.

ხმის მიცემა დახურულ რეჟიმში წარიმართა. პროცესს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი დაესწრნენ. 

"რაგბის ოჯახი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც რაგბის ჭირდება. სახელმწიფო ნებისმიერ მათგანთან ითანამშრომლებს"- განაცხადა გოგოლაძემ.

"ეს ის შემთხვევაა, როცა არჩევანის გაკეთება კარგსა და უკეთესს შორის ხდება. მე, როგორც ყოფილი რაგბისტი მოვედი. სიმპათიები ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება გაგვაჩნდეს. მთავარი არის ის, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს,"- თქვა დეპუტატმა გიორგი კახიანმა.

კენჭისყრამდე, ილია ზედგინიძემ და გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის წარმომადგენლებს საკუთარი სამოქმედო გეგმა გააცნეს. ორივე მათგანი აცხადებდა, რომ არჩევნების პროცესში არავინ არ ერევა და ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელსაც რაგბისტები აირჩევენ. 

აღსანიშნავია, რომ 13 დეკემბერს რაგბის კავშირმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით თანამდებობის პირები კავშირის წევრებზე ზეწოლას და მათთვის სასურველი კანდიდატების გაყვანას ცდილობდნენ. ამ განცხადებიდან ორ დღეში, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ.

კომენტარები