გამოხატვის თავისუფლება

საიამ არა პანორამას აქციის 10 მონაწილის სახელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს "არა პანორამას" აქციის 10 მონაწილის სახელით მიმართა. საია-ს განმარტებით, დაირღვა ევროპული კონვენციის მე-5 (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრების უფლება) და მე-18 (უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლები.

"2015 წლის 19 ივლისს, თბილისის საკრებულოს წინ, "თბილისი პანორამას" პროექტის გაპროტესტების მიზნით აქცია გაიმართა. აქციის რამდენიმე მონაწილეს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით "პანორამა არა ყ**", რის გამოც სამართალდამცავებმა აქციის 10 მონაწილე დააკავეს. 6 მამაკაცი მოათავსეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მათ დაახლოებით 20 საათი გაატარეს. ოთხ ქალს კი, შსს-ს ეზოში პოლიციის მანქანაში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში შეეზღუდათ თავისუფლება. მომჩივნებს დაკავების საფუძველი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ განემარტათ. სამართალდარღვევათა ოქმების თანახმად, დაკავებულებს ხელში ეჭირათ პლაკატები უხამსი წარწერით, რომელსაც ისინი ხმამაღლა სკანდირებდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენს. ასევე, ოქმების მიხედვით, ორი დაკავებული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას. ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებით, შვიდი მომჩივანი სამართალდამრღვევად ცნეს წვრილმანი ხულიგნობისთვის - პლაკატის ხელში ჭერის გამო, რომელზეც "უხამსი" სიტყვა ეწერა. თითოეული მათგანი დაჯარიმდა 100 ლარით. სასამართლომ არ დაადასტურა მომჩივანთა მხრიდან სხვა ქმედებების ჩადენა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა ემსახურება საჯარო მორალის და კონკრეტული პირის პატივისა და ღირსების დაცვას. თუმცა სასამართლომ არ მიუთითა კონკრეტული პირის ვინაობა. დანარჩენ, სამ მომჩივანთან მიმართებით სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტი არ დადგინდა" - აცხადებს საია.

კომენტარები