თბილისის საქალაქო სასამართლო

პროკურატურის მრჩეველს აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მრჩეველს გიორგი ინწკირველს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 10 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება.

"სასამართლომ მიიჩნია, რომ საფრთხეები, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში არსებობს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით, კერძოდ, მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის რისკები, უზრუნველყოფილი იქნება შედარებით მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გამოყენების პირობებშიც. ვინაიდან, სწორედ გირაო წარმოადგენს პროპორციულ აღკვეთის ღონისძიების სახეს გიორგი ი.-ს მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებასთან მიმართებით", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 

პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი 22 დეკემბერს დააკავეს. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს. წარდგენილი ბრალდება 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

"ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოთხოვნაზე - დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, არ დაემორჩილა და ძალადობის გამოყენებით გაუწია წინააღმდეგობა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით) და 151-ე მუხლით(მუქარა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით", - განმარტავს პროკურატურა.

კომენტარები