კახეთში ოთხი ეკლესიის გაქურდვისთვის ერთი პირი დააკავეს. 1994 წელს დაბადებული თამაზ ჭ. იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის ყვარლის დედათა მონასტრის გაქურდვას ცდილობდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ღამით, ლაგოდეხში მდებარე ყაზანის სახელობის ეკლესია გაქურდა, საიდანაც 440 ლარი და 20 აშშ დოლარი წაიღო. თამაზ ჭ-მ 9 დეკემბერს განმეორებით გაქურდა ლაგოდეხის ყაზანის სახელობის ეკლესია და 30 ლარი მოიპარა. იმავე ღამით გაქურდა ლაგოდეხში მდებარე სამების ეკლესია და 80 ლარი წაიღო. 13 დეკემბერს მან დააზიანა ლაგოდეხის ყაზანის სახელობის ეკლესიის კარები, ეკლესიაში შეაღწია და მესამედ სცადა ქურდობა, თუმცა თანხა არ დახვდა. 15 დეკემბერს კი, თამაზ ჭ-მ გურჯაანში მდებარე სამების სახელობის ეკლესია გაქურდა და 150 ლარი მოიპარა.
პოლიციამ შესაწირის ორი ყუთი, მოპარული ფულის ნაწილი, ხელთათმანები და ხელსაწყო, რომელსაც ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყენებდა, ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით).





