ნარკოდანაშაული

საფრანგეთში, გემზე 2.4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს, დაკავებულია ქართველი კაპიტანი

AFP

საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციამ მოლდოვის დროშით მცურავი გემი "Carid Palm" დააკავა, რომელზეც საფრანგეთის ისტორიაში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის, 2.4 ტონა ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩინეს. მისი ღირებულება 50 მილიონი ევროა.

გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქე, ბათუმელი ბადრი ბერიძეა, ეკიპაჟის წევრებს შორის კი, სავარაუდოდ, საქართველოს სხვა მოქალაქეებიც არიან.

გემი კოლუმბიიდან პოლონეთის ქალაქ გდანსკში რემონტისთვის მიცურავდა, თუმცა ის ლა მანშის სრუტეში გააჩერეს და საფრანგეთის პორტ ბულონში გადაიყვანეს.

ეკიპაჟის 12-ვე დაკავებულ წევრს საფრანგეთში გაასამართლებენ. ქართველების გარდა, ეკიპაჟის წევრები თურქეთის და უკრაინის მოქალაქეებიც არიან.

კაპიტან ბადრი ბერიძის შვილი გიორგი ბერიძე აცხადებს, რომ მამასთან კავშირი 10 დეკემბრის შემდეგ არ ჰქონია. ოჯახი სიმართლის დასადგენად ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

ოჯახი წევრების ინფორმაციით, ბადრი ბერიძეს თურქული კომპანია დაუკავშირდა და შესთავაზა გემის ჩაყვანა დომინიკის რესპუბლიკიდან თურქეთში. მათი თქმით, კაპიტანს არანაირი ინფორმაცია არ ქონდა გემზე არსებულ ტვირთთან დაკავშირებით, რადგან კაპიტანს არ აქვს უფლება, გემის მეპატრონის ტვირთი გახსნას.

ბადრიძის ოჯახის წევრები ამ დრომდე ვერ ახერხებენ თურქულ კომპანიასთან დაკავშირებას. მათი აზრით, ამ კომპანიას უნდა ჰქონოდა ინფორმაცია იმაზე, თუ რა ტვირთი იყო გემზე.

ბადრი ბერიძის დაკავების ფაქტს საზღვაო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და საქართველოში საფრანგეთის საელჩოც ადასტურებენ.

კომენტარები