ელისაშვილის დაკითხვა

ელისაშვილი: თუ გამოძიება არაფერს იზამს, პოლიტიკოსების ვინაობას ვიტყვი

თეორემა/ტაბულა

შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ და თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა პროკურატურა უკვე დატოვა. როგორც თავად ამბობს, მან გამომძიებლებს "ყველა ინფორმაცია" მიაწოდა. ელისაშვილმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ქართული ოცნების ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ და ამის შესახებ მან პროკურატურას მაშინვე აცნობა.

"გამომძიებელს ყველაფერი ვუთხარი, ყველა ინფორმაცია მივაწოდე, გვარები დავასახელე. დღეს თუ არა, ხვალ ზვიად ქორიძის დაკითხვა მოხდება, ასევე მათი, ვისაც მე ინფორმაცია მივაწოდე - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, პრეზიდენტიც უნდა დაკითხონ, ჩემი აზრით, პარლამენტის თავმჯდომარე, ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი. თუ გამოძიება არ მოინდომებს ამ ფაქტის გახსნას, მაშინ, ადრე თუ გვიან, სახელებსაც ვიტყვი, გვარებსაც, მამის სახელებსაც და მისამართებსაც, თუ გნებავთ", - ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილმა მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას სამარცხვინო უწოდა. გოგაძემ საკრებულოს დეპუტატი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ წელიწადნახევრის წინ პატიმრების შეწყალების შესახებ მისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია.

"ძალიან სამარცხვინო პერსონაჟი აღმოჩნდა გოგაძე, რომელიც ამაოდ იღებდა ხელფასს. საშვებია დაფიქსირებული, ბადაშვილთან კაბინეტში რომ შევედი, ვიდეოკამერას ექნებოდა გადაღებული და ა.შ", - ამბობს ელისაშვილი.

კომენტარები