ჟენევის მოლაპარაკებები

ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთთან ე.წ. სამხედრო შეთანხმებაზე ისაუბრებენ

epn.ge

ჟენევაში, საერთაშორისო მოლაპარაკებების 34-ე რაუნდის ფარგლებში, დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე ყურადღებას რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. სამხედრო შეთანხმებაზე გაამახვილებს.

ქართული დელეგაცია ასევე დააყენებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან ადგილობრივთა გატაცებასა და გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში რეგიონში შექმნილ ვითარებას და ამასთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებებს.

"ე.წ. შეთანხმებები, რომლებიც გაფორმდა დე ფაქტო სოხუმთან სამხედრო თვალსაზრისით, იძლევა იმის საფუძველს, რომ გაჩნდეს ბევრი კითხვა, თუ რას ემსახურება ეს ყველაფერი. ცხადია, ამ კონტექსტში განსაკუთრებით აქტიურდება საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების საჭიროება. რაც შეეხება ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფს, ამ შემთხვევაში, ცხადია, მთავარი საკითხი არის დევნილების თემა", - განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები