ჟენევის მოლაპარაკებები

სტრასბურგის გადაწყვეტილება, ანექსია, უკანონო პატიმრები – ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გამწვავებული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა.

უწყების ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს ქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

"მწვავედ დაისვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ პროგრამის დამტკიცებისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვის კონტექსტში". – აცხადებენ საგარეო უწყებაში. 

სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, ახალი ბერლინის კედლის - მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებზე.

"საქართველოს დელეგაციამ მოითხოვა სოხუმსა და ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლება.

ვრცელი საუბარი გაიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მძიმე შედეგებსა და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კრიტიკულ აუცილებლობაზე". – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღინიშნა, რომ დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და დანაშაულის წახალისებას. საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი.


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან, აგრეთვე, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

კომენტარები