ჯაჭვლიანის ინიციატივა

ჯაჭვლიანს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის დაჯარიმების ინიციატივა აქვს

პარლამენტი
თორნიკე ბარათაშვილი

რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის შესაძლოა, ფულადი ჯარიმა დაწესდეს. შესაბამისი კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანია. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ეხება. პროექტის ავტორი დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძეა.

ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

ამავე პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

კომენტარები