სჯარო ფინანსები

გენერალური აუდიტორი: მთავრობა ჩვენი რეკომენდაციების მხოლოდ 55%-ს ითვალისწინებს

ტაბულა

საქართველოს გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული რეკომენდაციებისა და ანგარიშების მხოლოდ 55% არის მთავრობის მხრიდან გათვალისწინებული, როდესაც ევროპაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 85%-ია. თორდიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანი პრობლემებია აუდიტის სამსახურის შესახებ კანონმდებლობაში, რომელიც სამსახურს სტაბილურობის სათანადო გარანტიებს ვერ აძლევს.

"იმისათვის, რომ მოხდეს ჩვენს რეკომენდაციებზე რეაგირება, აუცილებელია პარლამენტის აქტიურობა და ჩართულობა მიმდინარე პროცესებში, ვინაიდან ჩვენ მიერ შედგენილ დასკვნას რეაგირება სჭირდება. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ტიპის სანქცირების ან სხვა სადამსჯელო ღონისძიებების გატარების საშუალება, ამიტომაც ეს ღონისძიებები საქართველოს პარლამენტმა უნდა გაატაროს. ეს იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების მიმართულებით თუ რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. შესრულებით დაახლოებით 55% სრულდება, ეს არ არის ის მაჩვენებელი, რომელიც აკმაყოფილებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, თუკი გამოცდილებას გავიზიარებთ ევროპიდან, ეს მაჩვენებელი იქ დაახლოებით 80%-85% არის. ჩვენი მიზანია, რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი იყოს მაღალი", - ამბობს ლაშა თორდია.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ლაშა თორდიამ ევროკომისიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მოწყობილი შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, რომელზეც საქართველოში საფინანსო მონიტორინგის მიმართულებით არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილებოდა. შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურიც ესწრებოდნენ. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, ქვეყანამ რეკომენდაციების შესრულების და საბიუჯეტო მონიტორინგის მიმართულებით გასულ წლებში პროგრესს მიაღწია. 

2016 წლის ბიუჯეტის პროექტს მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზიც ერთვის. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ანალიზი ვერ იძლევა სრულყოფილ სურათს მთავრობის ვალის მდგრადობის შესახებ და შემდგომ დახვეწას საჭიროებს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში არის ნათქვამი. საქართველოს სახელმწიფო ვალი, ბოლო მონაცემებით, 12.2 მილიარდ ლარს შეადგენს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ დროისთვის მერიის ხარჯებს ამოწმებს. ლაშა თორდია აუდიტის დასკვნის გამოქვეყნებამდე ვერ ასაჯაროებს ინფორმაციას, არის თუ არა ფინანსური დარღვევები გამოვლენილი თბილისის მერიაში. სამსახურმა წელს სასჯელაღსრულების სამინისტროში გამართულ ტენდერებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია პროკურატურას გადასცა.

კომენტარები