საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ადასტურებს, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილთან ერთად 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. როგორც ცნობილია, პარლამენტი რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვისას კოპალეიშვილის აცილებას იმ მოტივით ითხოვს, რომ ის ნიკა გვარამიას მინისტრობისას 2 წლის მანძილზე მისი მოადგილე იყო.
"დედა ნამდვილად დედაა, ცოლი ნამდვილად ცოლია, თანამშრომელი ნამდვილად თანამშრომელია - ამას ვადასტურებ. ამასობაში, თუ თქვენ მიუთითებთ, დამატებით საფუძველზე, რაც მოსამართლის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს, მაშინ ორმაგი საფუძველი ყოფილა იმისა, რომ საქმე სხვამ განიხილოს. პარლამენტი არის მხარე სასამართლო პროცესში. ამიტომ ეს პოზიცია ამა თუ იმ მოსამართლის მიკერძოება-მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღქმული, როგორც პარლამენტის პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით", - თქვა უსუფაშვილმა.
პარლამენტი რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვისას მოსამართლეების, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილებას ითხოვს იმ მოტივით, რომ ისინი რუსთავი 2-თან მიმართებით მიკერძოებულად და არაობიექტურად მოქმედებენ. როგორც შუამდგომლობის ტექსტში წერია, კონსტანტინე ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია და მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას მინისტრობისას მისი მოადგილეები იყვნენ.





