გიორგი მდინარაძის საქმე

ომბუდსმენი პროკურატურას: ეფექტურად გამოიძიეთ ადვოკატზე ძალადობის ფაქტი

სახალხო დამცველი
facebook.com

ადვოკატ გიორგი მდინარაძეზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტს, საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება. ნანუაშვილი საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ, ობიექტურად და ეფექტურად გამოიძიოს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის, გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, განახორციელოს დანაშაულის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია და გამოავლინოს დამნაშავე პირები.

"დროის უმოკლეს ვადებში უნდა დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოყენებულ იქნას ისეთი საპროცესო ღონისძიებები, რომლითაც გამოირიცხება სავარაუდო დამნაშავე პირების მიერ ზეწოლა, იძულება, მტკიცებულებების განადგურება, ან/და დანაშაულის კვლავ ჩადენა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების შენობაში, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, დილის საათებში სცემეს ადვოკატი გიორგი მდინარაძე, რომელიც ამ დროისთვის ელიზაბედ ბლექველის ჰოსპიტალში იმყოფება. სახალხო დამცველის რწმუნებულები ჰოსპიტალში პირადად შეხვდნენ და გაესაუბრნენ გიორგი მდინარაძეს, რომელსაც არაერთი დაზიანებება აღენიშნება: სისხლჩაქცევა, სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალბუდის არეში, ნაკაწრები მარცხენა მხარეს, ყბა-სახის არეში, სისხლნაჟღენთი ყელის არეში, მარჯვენა მხარეს", - აცხადებს სახალხო დამცველი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას პოლიციელების მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ და აცხადებენ, რომ ამასთან დაკავშირებით გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

როგორც ტაბულას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მდინარაძე გუშინ, ადმინისტრაციულ სამართალკდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები