ფარული ჩანაწერები

ღარიბაშვილი პოროშენკოს: დაინტერესდით სააკაშვილის სატელეფონო ჩანაწერებით

Irakli Garibashvili Official/Fb.com

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მიმართავს, ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებით დაინტერესდეს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა. 

"წერილში საქართველოს მთავრობის მეთაური შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელთან და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორთან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებსა და ანტისახელმწიფოებრივი, ძალადობრივი ქმედებებისკენ კონკრეტულ მოწოდებებს შეიცავს. 
საქართველოს პრემიერმინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობებს არ შეეფერება. პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ მოწოდებებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უკრაინის პრეზიდენტს აღნიშნული საკითხით დაინტერესების თხოვნით მიმართავს", - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიას ფარული სატელეფონო ჩანაწერები 29 ოქტომბერს უკრაინულ საიტზე გავრცელდა. ამის საფუძველზე, 30 ოქტომბერს დაკითხეს გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია. ჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით აგრძელებს. გამოძიება სუს-მა რუსულ სერვერებზე ატვირთული უკრაინული ბლოგის საფუძველზე 24 ოქტომბერს დაიწყო. სსკ-ის 315-ე მუხლი ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

კომენტარები