კრიმინალი

შსს: თბილისის ღამის კლუბში ირანის მოქალაქეები გაძარცვეს და ოთახში ჩაკეტეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1980 წელს დაბადებული გიორგი წ. და 1981 წელს დაბადებული გიორგი ჩ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძარცვის, ხოლო 1982 წელს დაბადებული გიორგი ც, 1986 წელს დაბადებული დავით ნ. და 1968 წელს დაბადებული ხათუნა ც. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ირანის ისლამური რესპუბლიკის ორ მოქალაქეს თავისუფლება აღუკვეთეს.

"საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ. ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ ღამის კლუბის თანამშრომლებმა ორ კლიენტს - ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს ფული წაართვეს, შემდეგ კი თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბარის ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს", - აცხადებს შსს.

გამოძიება გიორგი წ-ს და გიორგი ჩ-ს მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძარცვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 143-ე და 178-ე მუხლებით), ხოლო გიორგი ც-ს, დავით ნ-ს და ხათუნა ც-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).

კომენტარები