რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის სასამართლო სხდომა ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

რუსთავი 2-ის სასამართლო სხდომა ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება. ამის შესახებ მოსამართლე ურთმელიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადა. ხვალ რუსთავი 2-ის იურისტები საპაექრო სიტყვას წარმოსთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე ურთმელიძე, სავარაუდოდ, გადაწყვეტილების მისაღებად გავა.

დღევანდელი სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანიის იურისტების შუამდგომლობა მტკიცებულებებიდან ექსპერტ შოთა ივანაშვილის მიერ მომზადებული დასკვნის ამორიცხვის შესახებ. აღნიშნული შუამდგომლობა რუსთავი 2-ის და მისი მფლობელების ადვოკატებმა ექსპერტ ივანაშვილის დაკითხვის შემდეგ დააყენეს.

ადვოკატები საქმიდან იმ მასალების ამორიცხვასაც ითხოვდნენ, რაც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის დასკვნას თან აქვს დართული. ადვოკატების თქმით, ექსპერტმა შოთა ივანაშვილმა დასკვნაში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საბაზრო ღირებულება ვერ წარმოადგინა. მოსარჩელე მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და მოსამართლემაც არ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა.

მოპასუხე მხარის კითხვაზე, „თქვენ დავალებული გქონდათ, წილების საბაზრო ფასის შეფასება. შეასრულეთ ეს დავალება?“, ექსპერტი პასუხობს - „რა თქმა უნდა, კი“. ამის შემდეგ, რუსთავი ორის ადვოკატმა მოწმეს მოსთხოვა, ეჩვენებინა, სად წერია წარდგენილ დოკუმენტში საბაზრო ფასის შესახებ.

"კონკრეტულად საბაზრო ღირებულება არ ამიწერია. მაგრამ ეს არის რეალურად ამ კომპანიის ის ღირებულება, რომელიც გამოვიდა აქტივობის მეთოდით... ამ შემთხვევაში, როდესაც კვლევა მიმდინარეობს მხოლოდ აქტივობების მეთოდიდან გამომდინარე, კონკრეტულად, რა თქმა უნდა, ეს არის საბაზრო ფასი, მაგრამ ტერმინოლოგიით ამას არ ჰქვია საბაზრო ფასი“ - ამბობს ივანაშვილი.

გარდა ამისა, რუსთავი 2-ის იურისტებმა მოსამართლე ურთმელიძის აცილების შესახებ შაუმდგომლობა კიდევ ერთხელ დააყენეს, თუმცა, ურთმელიძემ ეს შუამდგომლობა არც კი განიხილა და სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სამაუწყებლო კომპანიის წარმომადგენლებმა ეს შუამდგომლობა ხშირად დააყენეს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი შოთა ივანაშვილი, რომელმაც 2005-06 წლებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში ქიბარ ხალვაშის წილების ღირებულებაზე აუდიტორული დასკვნა მოამზადა.

კომენტარები