საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

gurianews: ოზურგეთის სკოლის პედაგოგმა მღვდელმა მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა
ambioni.ge

gurianews-ის ცნობით, ოზურგეთში, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში, სკოლის პედაგოგმა და სასულიერო პირმა, მღვდელმა ვახტანგ თოხაძემ, მოსწავლე თანატოლებს გააროზგინა.

გამოცემასთან ინტერვიუში ფაქტს ადასტურებს, თუმცა "გაბუქებულს" უწოდებს სკოლის სასწავლო ნაწილი ნინო გოგაშვილი. ფაქტს არ უარყოფს არც სკოლის რექტორი, მღვდელი მათე გორდელაძე.

სასწავლო ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ სასულიერო პირს "ვერ დასჯიდა", მომხდარს შემდეგნაირად აღწერს: "ბავშვი შევიდა გაკვეთილზე დაგვიანებით, რომელსაც წკეპლა ეჭირა ხელში. მამაოს უკითხავს თუ რატომ დააგვიანა და ხუმრობით უთქვამს ბავშვებისთვის - მოდით, აბა, გაროზგეთო. რამდენიმე ბავშვმა გაროზგა. მამაოს ნამდვილად არ გაუროზგავს".

სკოლის რექტორის ვერსია არასრულწლოვნის გაროზგვასთან დაკავშირებით კი შემდეგნაირია:

"ბავშვისგან ვიცი, რომ ამას ჰქონდა ხუმრობის ტონი და ერთმა დაარტყა წკეპლა. მამაომ უთხრა, რომ ნუ წახვალ ფეხბურთზე, ნუ გააცდენ გაკვეთილს, თორემ ისევ შემოგარტყამ წკეპლასო. სიცილ-თამაშში მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ მერე გარეთ გამოჟონა და გადაიზარდა დიდ ამბავში", - უთხრა gurianews-ს მღვდელმა მათე გორდელაძემ.

ამ დრომდე უცნობია, რა გადაწყვეტილება მიიღო მღვდლის კანონიკურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, შემოქმედის ეპარქიის მართლმადიდებელმა მიტროპოლიტმა, იოსებ კიკვაძემ.

ტაბულა ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაარკვიოს, დაიწყო თუ არა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა.

 

კომენტარები