ე.წ. ქურდული სამყარო

თარგამაძე: "ოცნების" მოსვლასთან ერთად, ქურდული სამყაროს გაძლიერება დაიწყო

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად ქურდული სამყაროს გამოღვიძება და გაძლიერება დაიწყო. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჯერ იყო ბესელია-კაკაბაძის ქურდულ-ჯაშუშული "პოლიტპატიმრების" გამოშვება, შემდეგ მასობრივი ამნისტია, შემდეგ კრიმინალური ავტორიტეტების "გამოწერა", მათთვის თბილისის აეროპორტში "მალინის" მოწყობა და შემდგომ მშვიდობიანად საზღვარგარეთ გაშვება. ამის სანაცვლოდ, ქურდულმა ავტორიტეტებმა "ოცნებას" მაყურებლების მეშვეობით ციხე "დაულაგეს" და არჩევნებშიც დაეხმარნენ. ყველაზე შორს, ამ მხრივ, აჭარაში წავიდნენ, სადაც მთავრობამ, პოლიციამ და კრიმინალებმა სრულ სიმბიოზს მიაღწიეს.

მთავრობის მხრიდან სისტემაში პრემიერმინისტრ ირაკლის ღარიბაშვილის დაცვის უფროსი იყო ჩაბმული, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელმაც ურთიერთობისთვის ასევე დაცვის უფროსი გეგა გეგეშიძე გამოყო; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამართველოს უფროსი დავით თამაზაშვილი; აჭარის საპატრულოს უფროსის მოადგილე რაიბულ მამულაძე. კრიმინალური სამყაროს მინდია გორაძეს (მეტსახელად ლავას-ოღლი ბათუმელი) მისი "რაზმი", ყოფილი მოჭიდავეები ამირან ფაღავა, რამაზ დევაძე, მუხრან ვახტანგაძე, რამაზ ვაშაყმაძე და ჯაზა გორაძე წარმოადგენდნენ.

შედეგად მივიღეთ დარეკეტებული ბიზნესი, დამწვარი მანქანები, ნაცემი სამართალდამცველები, დაშინებული ხალხი და ბოლოს მოკლული პოლიციელი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ამ სისტემის მხილებისა და ატეხილი სკანდალის შემდეგ თანამდებობები დაკარგეს ჭიკაიძემ და თამაზაშვილმა, ხოლო დანარჩენების გავლენა კი საგრძნობლად შემცირდა. ლავას-ოღლი და მისი ბანდა დროებით მაინც მიჩუმდნენ და აღარ ჩანდნენ. თუმცა, დაუსჯელობამ, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ წაახალისა ბანდა და მათ "არასათანადო პირებს" მიაკითხეს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მათ ფული სთხოვეს ბიზნესს, რომელსაც უფრო მაღალი სამთავრობო "კრიშა" ჰქონდა. შედეგად მივიღეთ სპეციალური ოპერაცია, რომლის შედეგადაც დააკავეს ლავას-ოღლის უახლოესი გარემოცვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გააკეთა განმარტებები, თუმცა, ცნობილია, რომ სამი პირი კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს. დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა მოხმარების მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდის დეიდაშვილს და სიძესაც.

ამის შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო ამბავი მოხდა. აჭარის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ტრეფიკინგის განყოფილების უფროსი ზვიად ქუდელიძე რესტორნიდან სამსახურებრივი მანქანით ბრუნდებოდა. საჯესთან თვითონ იჯდა, თანაც არაფხიზელ მდგომარეობაში. მთვრალს საჭე გაექცა და დაეჯახა შემხვედრ მანქანას. სანამ პატრული მოვიდოდა, ბატონმა ზვიადმა თავისი თანამშრომელი ირაკლი ანანიძე გამოიძახა და საჭესთან დასვა, ხოლო დაზარალებულებს მანქანის გაკეთებაზე შეუთანხმდა და ანანიძის ტელეფონი მისცა. ყველაფერმა თითქოს კარგად ჩაიარა, პატრული მოვიდა, აიღო ჩვენებები და წავიდა. თუმცა აქ ახალი პრობლემა წარმოიშვა - აღმოჩნდა, რომ დაზარალებულები ლავას-ოღლის "ბიჭები" იყვნენ. რამოდენიმე დღეში ანანიძესთან სატელეფონო ზარი გაისმა და აღმოჩნდა, რომ მეორე მხარეს მინდია გორაძე იყო, რომელმაც "ბავშვებისთვის" ახალი მანქანა მოითხოვა.

შედეგად მივიღეთ 90-იანი წლების პოლიციულ-კრიმინალური სამყაროს სიმბიოზი, რომელმაც უკვე გამოიღო ტრაგიკული შედეგი და კიდევ მოგვიტანს იმავე შედეგს, თუ არ მოხდება მკვეთრი რეაგირება და კრიმინალების თარეშის აღკვეთა", - თქვა გივი თარგამაძემ.

კომენტარები