2016 წლის ბიუჯეტის პროექტით ერთი დოლარი 2.40 ლარი ღირს

კოლაჟი / ტაბულა

2016 წლის ბიუჯეტის პროექტით დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.40 ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს მთავრობა ლარის კურსის მნიშვნელოვან გამყარებას არ ელოდება. ბიუჯეტში ლარის კურსი საერთაშორისო გრანტებისა და კრედიტების სავარაუდო მოცულობის განსაზღვრისთვის იწერება. მომავალ წელს 255 მილიონი ლარის საერთაშორისო გრანტების მიღება არის განსაზღვრული. ბიუჯეტის არსებული ვარიანტი წინასწარია, რაც იმას ნიშნავს, რომ საკომიტეტო მოსმენების შემდეგ ლარის საპროგნოზო კურსი შესაძლოა შეიცვალოს. 

გასული წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში დოლარის საპროგნოზო კურსად 1.80 ლარი იყო განსაზღვრული, თუმცა 2015 წლის დასაწყისიდანვე აშკარა გახდა, რომ დოლარის კურსი მთელი წლის მანძილზე 1.80-ზე მეტი იქნებოდა, რაც ქვეყნის საგადამხდელო ბალანსში წარმოქმნილ დეფიციტს უკავშირდებოდა. მთავრობას ბიუჯეტში უფრო რეალისტური კურსის განსაზღვრას მაშინ ოპოზიციაც სთხოვდა, თუმცა ფინანსთა სამინისტრომ ეს შენიშნვა არ გაითვალისწინა. 2015 წლის მეორე კვარტლის ბოლოს კი მთავრობამ ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და ეკონომიკური ზრდის შემცირებასთან ერთად დოლარის საპროგნოზო კურსად 2.3 ლარი მიუთითა.

ლარის რეალური საპროგნოზო კურსის განსაზღვრა საბიუჯეტო შემოსავლებისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგანაც თუკი საპროგნოზო კურსი რეალურ კურსზე ნაკლებია, მაშინ ბიუჯეტში დაგეგმილზე დიდი მოცულობით შემოსავლების მიღება ფიქსირდება. რასაც ადგილი 2015 წლის პირველ კვარტალშიც ჰქონდა, როდესაც დოლარის კურსად 1.8 ლარი იყო განსაზღვრული, ამ დროს საერთაშორისო გრანტების მაჩვენებელი საპროგნოზო მაჩვენებელს 44 მილიონი ლარით აღემატებოდა, რაც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს ხელოვნურად ზრდიდა. 

კომენტარები