ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საჭიროების შემთხვევაში სავალუტო რეზერვების დასახარჯად მზად არის. ამის შესახებ ქადაგიძემ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. მისი თქმით, ლარის კურსის მაჩვენებელი უკვე პიკშია და მომავალში მისი დასტაბილურებაა მოსალოდნელი. თუმცა, სებ-ი მზად არის, ლარზე ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, სავალუტო რეზერვები დახარჯოს. ქადაგიძემ ასევე აღნიშნა, რომ რეფინანსირების სესხებს გაცვლით კურსზე უარყოფითი გავლენა არ აქვს.
"კურსი დღეს არის თავის პიკში ანუ სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ზეწოლას არ ველოდებით, იმ შემთხვევაში თუ ზეწოლა გაძლიერდა, ჩვენ ჩვენი მხრივ, მზად ვართ უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკა განვახორციელოთ, იგულისხმება ჩვენ ხელთ არებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენება, მათ შორის, თუ საჭირო გახდა, სავალუტო ინტერვენციებიც. თავის მხრივ მთავრობა გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის კორექტირების. ყველა ეს ღონისძიება ერთობლივად გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში, საშუალოვადიან პერსპექტივაში, კურსი მნიშვნელოვნად დასტაბილურდება" - თქვა ქადაგიძემ.
ცნობისთვის, ლარის კურსთან დაკავშირებით პრემიერის, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობს.





