სავალუტო კრიზისი

დოლართან მიმართებით ლარს ყველა დროის მინიმუმამდე 0.0009 თეთრი დარჩა

ტაბულა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა, რომლის მიხედვითაც ერთი აშშ დოლარი 2.4491 ლარი ღირს, რაც დოლართან მიმართებით ლარის არსებობის ისტორიაში არსებულ მაჩვენებელს 2.45-ს მხოლოდ 0.0009 თეთრით ჩამორჩება. ლარი დღესვე ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა, ერთი ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.80 ლარს შეადგენს. 

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით დღესვე კომენტარი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმაც გააკეთა. მეჭიაურის თქმით, საბანკო ზედამხედველობის სამსახურის კანდიდატებმა ლარის გამყარებისთვის ეროვნული ბანკის რეზერვები უნდა გამოიყენონ. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი ბაქრაძის თქმით, სავალუტო ინტერვენციები ამ დროისთვის უშედეგო იქნება, რადგანაც ლარის კურსის გამყარებისთვის საჭიროა, შეიცვალოს ბაზრის მოთამაშეთა მოლოდინები, რასაც სავალუტო ინტერვენციები ხელს ვერ შეუწყობს. 

ლარის გაუფასურება ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა.

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები