გიგი უგულავას საქმე

პროკურორები საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების გასაცნობად დამატებით დროს ითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და უგულავას გათავისუფლების საკითხის განხილვა განახლდა. თუმცა, პროკურორები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობისთვის დროს კვლავ ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, 2 საათი არასაკმარისი აღმოჩნდა. პროკურორებისვე მოსაზრებით, სასამართლომ შეჯიბრებითობის პრინციპი დაარღვია.

აღსანიშნავია, რომ პროკურორებმა მანამდე ოთხი შუამდგომლობა დააყენეს - მოითხოვეს "გონივრული დრო" საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გასაცნობად; მოითხოვეს სათადარიგო მოსამართლის აცილება; მოითხოვეს 7 ნოემბრის საქმეზე 24 სექტემბერს ჩანიშნული სხდომის დღეს გადმოწევის განჩინება, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ ამ მოთხოვნას ვერ ჩათვლის შუამდგომლობად, რადგან სხდომა ახალი გარემოების - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტარდება; ასევე მოითხოვეს საქმის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვა. მოსამართლე ეკა კულულაშვილმა მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა და პროკურორებს გადაწყვეტილების გასაცნობად 2 საათი მისცა.

გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხზე ჩანიშნული სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.

გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო.

კომენტარები