თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხზე სასამართლო პროცესი დაიწყო. სხდომაზე ბრალდების მხარემ სათადარიგო მოსამართლის აცილება მოითხოვა. პროკურორების განცხადებით, საქმის მოსამართლე სტრასბურგში იმყოფება, ხოლო სათადარიგო მოსამართლე სხდომებს არ ესწრებოდა, საქმეში ჩართული არ იყო და ამიტომ, უფლებამოსილი არ არის.
დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურა მოსამართლის აცილებას საქმის გაჭიანურების გამო ითხოვს. აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხზე ჩანიშნული სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.
გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო.





