კრიმინალი

ქურდობისთვის და ქურდობის მცდელობისთვის სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული გოჩა ნ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული გურამ ა. და 1986 წელს დაბადებული ჯემალ ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გოჩა ნ-მ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალზე, ორ თანამზრახველთან ერთად, უკანონოდ მოჭრა 500 მეტრი სიგრძის სპილენძის საკონტაქტო სადენი და წასაღებად გაამზადა. სამართალდამცველებმა გოჩა ნ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, თანამზრახველებმა კი მიმალვა მოახერხეს.

"პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე თანამზრახველი წალკა-თეთრიწყაროს ავტომაგისტრალზე, შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავა. გურამ ა-მ და ჯემალ ა-მ აღიარეს, რომ რამდენიმე დღის წინ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალზე 200 მეტრი სიგრძის სპილენძის საკონტაქტო სადენი მოიპარეს და წალკაში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, მიტოვებულ შენობაში გადამალეს. სამართალდამცველებმა ყველა მოპარული სადენი ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის და ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით).

კომენტარები