ერთიანი ეროვნული გამოცდები

NAEC: მიმინოშვილის პოზიცია უმაღლესმა სასწავლებლებმაც გაიზიარეს

მაია მიმინოშვილი
ირაკლი ბლუიშვილი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი დღეს უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა და აბიტურიენტების პროტესტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნო. მისი განცხადებით, "იმ აბიტურიენტების გამიჯვნა მეორე ჯგუფისგან, ვინც ჩაირიცხა და სწავლას ვერ აგრძელებს, უსამართლობაა". მიმინოშვილის შეფასებითვე, "ჩარიცხვების პროცესის ხელახლა დაწყება, იმის გარდა, რომ სასწავლო პროცესის შეფერხებას გამოიწვევს, უკვე ჩარიცხულების უფლებების შელახვაც იქნება". გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, "მაია მიმინოშვილის ეს პოზიცია გაიზიარეს სასწავლებლების რექტორებმაც".

უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელების განცხადებითაც, სავარაუდოდ, მეორადი ჩარიცხვები აღარ იქნება. მათი თქმით, აბიტურიენტებს 15 აგვისტომდე ჰქონდათ დრო, რომ შესაბამისი ქულების მიხედვით აერჩიათ სასწავლებლები. რამდენიმე უნივერსიტეტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სწავლა ორშაბათიდან იწყება და მეორადი ჩარიცხვები მათთვის დამატებითი პრობლემა იქნება.

განათლების სამინისტროს კი, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვს.

ცნობისთვის, 700 აბიტურიენტი, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, საშუალო ქულები დააგროვეს, მაგრამ მათ მიერ მითითებულ უნივერსიტეტებში ვერ მოხვდნენ, მეორადი ჩარიცხვების დანიშვნას ითხოვენ.

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში 18 000 ვაკანტური ადგილია დარჩენილი. 

კომენტარები