NATO-საქართველო

პრემიერი: სტოლტენბერგის ვიზიტი NATO-სთან წარმატებულ თანამშრომლობას ადასტურებს

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "NATO-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი მორიგი დადასტურებაა იმის, რომ საქართველო-NATO-ს ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება". მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ ღარიბაშვილმა იენს სტოლტენბერგთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე თქვა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციითვე, დღევანდელ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს.

"აღინიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ნატოს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე. პირისპირ გამართული შეხვედრიდან მხარეებმა გაფართოებულ შეხვედრაზე გადაინაცვლეს, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იენს სტოლტენბერგი საქართველოს გუშინ ეწვია. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, ასევე, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს. გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კომენტარები