სავალუტო კრიზისი

ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2015 წლის მაქსიმუმი - 2.41 ლარი გახდა

2015 წელს ერთი აშშ დოლარის მაქსიმალური ფასი 2.41-ია
ტაბულა

ეროვნული ბანკის მონაცემებით 2015 წლის სავალუტო კრიზისის პიკური ნიშნული დღეს დადგინდა. ერთი აშშ დოლარი 2.4161 ლარი ღირს. აქამდე გაუფასურების პიკი გუშინ - 24 აგვისტოს დაფიქსირებული კურსი იყო, რომლის მიხედვითაც ერთი აშშ დოლარი 2.36 ლარი ღირდა. ევროსთან მიმართებით კი, ეროვნული ვალუტა 5 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი ევრო 2.7701 ლარი ეღირება.

მთავრობა ლარის გამყარებას ტურისტული სეზონის დროს ელოდა, თუმცა წელს იმ პირთა რაოდენობა, ვინც საქართველოში 24 საათზე მეტი ხნით რჩება, 0.2%-ით შემცირდა. ლარის გაუფასურება ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა.

ლარის კურსზე საგარეო ფაქტორებიც მოქმედებენ, გასული დღეების განმავლობაში რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება საგრძნობლად გაუარესდა, რაც ამ რეგიონის წამყვანი ეკონომიკების, რუსეთის, ყაზახეთისა და თურქეთის ეროვნული ვალუტების გაუფასურებაში აისახა. ლარის უკანასკნელი გაუფასურება რეგიონში გაუარესებულ ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება, რაც ყაზახური ტენგეს 27%-იანი გაუფასურებით არის გამოწვეული. ასევე სწრაფი ტემპებით უფასურდება თურქული ლირაც. დღესვე დოლართან მიმართებით რუსული რუბლი 1997 წლის ნიშნულამდე გაუფასურდა. ამასთანავე, დღეს ევროს კურსი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, რაც საქართველოშიც ევროს გამყარების ერთ-ერთი მიზეზია. 

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები