გვალვა

კალიფორნიაში გვალვას 96 მილიონი პლასტმასის ბურთით ებრძვიან

Getty Images

ლოს-ანჯელესის მახლობლად მდებარე წყალსაცავებში არსებული წყლის დონემ გვალვის გამო რეკორდულად დაიწია, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქის მერია წყალსაცავების ზედაპირის 96 მილიონი პლასტმასის ბურთით დაფარვას გეგმავს. 4 ინჩის დიამეტრის მქონე პლასტმასის ბურთები წყალსაცავების ზედაპირზე ტივტივებენ და მათ მზის სინათლისაგან იცავენ, რის შედეგადაც აორთქლებული წყლის რაოდენობა 90%-ით მცირდება. 

ლოს-ანჯელესის მერიამ ეს გადაწყვეტილება რეკორდული გვალვის გამო მიიღო, რაც ქალაქის უწყვეტ წყალმომარაგებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა. ქალაქის მერის ერიკ გარცეტის თქმით, ეს მეთოდი გარემოზე უარყოფითად არ იმოქმედებს და ნარჩენებად არ გადაიქცევა, რადგანაც ცივი სეზონის დადგომისას ბურთებს ისევ შეინახავენ. 

თითოეული პლასტმასის ბურთი $0.36 ცენტი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქს წყლის მარაგის შენარჩუნება $34 მილიონი დაუჯდება. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ რეზერვუარების კონსერვაციის ყველა სხვა გზა უფრო მეტ დანახარჯებს მოითხოვდა.

კალიფორნიაში არსებულმა გვალვამ შტატის აგრარულ სექტორს მრავალმილიონიანი ზარალი უკვე მოუტანა. 

კომენტარები