პრეზერვატივი

კრემლი იმპორტული პრეზერვატივების აკრძალვას გეგმავს

hercampus.com

კრემლი იმპორტული პრეზერვატივების აკრძალვის პროექტზე მუშაობს. RIA Novosti-ისთან ქვეყნის მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ქვეყნის მოსახლეობას უფრო დისციპლინირებულს გახდის. Bloomberg-ის ცნობით, რუსულ ბაზარზე ძირითადად უცხოური წარმოების პრეზერვატივები იყიდება, რადგანაც ადგილობრივი რეზინის ნაწარმი საკმაოდ დაბალხარისხიანია და მოსახლეობა მათ არ ენდობა. იმპორტული პრეზერვატივების აკრძალვასთან დაკავშირებით კითხვა ვლადიმირ პუტინის პრეს სპიკერს დიმიტრი პესკოვსაც დაუსვეს, თუმცა მან განაცხადა, რომ საქმის დეტალებს არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს. 

13 აგვისტოს რუსეთში გამოქვეყნდა Levada ცენტრის სოციოლოგიური გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 43% იმპორტული პრეზერვატივების სრულ აკრძალვას მიესალმება. 6%-ის თქმით, ისინი ამ პროექტს მხარს არ უჭერენ, გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი კი ნეიტრალურად არის განწყობილი. მოწინააღმდეგეთა შეფასებით ასეთი ნაბიჯი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რიცხოვნობას გაზრდის. 

რუსეთში პრეზერვატივების ბაზრის შესახებ არსებული უკანასკნელი სტატისტიკური ინფორმაცია 2013 წლით თარიღდება, ამ წელს რუსეთის მოსახლეობამ $156 მილიონის ღირებულების 418 მილიონი ცალი პრეზერვატივი მოიხმარა, რომლის მხოლოდ 4% იყო ადგილობრივი წარმოების. 

რუსეთის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, საქმე არ ეხება იმპორტული პრეზერვატივების სრულ აკრძალვას, არამედ ისინი გეგმავენ უცხოური წარმოების სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობების აკრძალვას სახელმწიფო ტენდერებში, რომელთაც სახელმწიფოს კუთვნილი სამედიცინო დაწესებულებებისთვის ყიდულობენ. მათ შორის აკრძალვა დაედება რენტგენის აპარატებსა და გულის ოპერაციისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს.

კომენტარები