ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იცხოვროს აფხაზების და ოსების გარეშე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მისი თქმით საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, თუმცა მთავრობა გონივრული პოლიტიკით ცდილობს მის შეჩერებას.
"დღეს, რა თქმა უნდა, გრძელდება ოკუპაცია და ჩვენ, ჩვენი მთავრობა, გონივრული პოლიტიკით ვცდილობთ ეს პრობლემა და პროცესი შევაჩეროთ. ასევე ჩემთვის მთავარია ვიყოთ გარანტი მშვიდობის და სტაბილურობის. რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. თუ ჩვენ გვინდა შემოვიერთოთ დაკარგული ტერიტორიები და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვროთ, ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. რა თქმა უნდა, რუსეთთან უნდა გავაგრძელოთ გონივრული პოლიტიკა, მაგრამ ამავე დროს ვიქნებით პრინციპულები, რადგან ეს არის ჩვენი ტერიტორია და ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იცხოვროს აფხაზების და ოსების გარეშე" - განაცხადა პრემიერმინისტრმა.





