ტერორიზმი

თურქეთმა ისლამისტების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო

AFP

თურქეთმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო. როგორც ნიუ იორკ ტაიმსი თურქეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე პირველი ავიადარტყმა განახორციელა და სამი სამიზნე გაანადგურა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა ამერიკელ სამხედროებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაციისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე, სამხედრო საჰაერო ბაზების გამოყენების უფლება მისცა. ამერიკული ავიაცია დარტყმებს სავარაუდოდ ინჯირლიქის სამხედრო ბაზიდან განახორციელებს.

ამას წინ უძღოდა შეტაკება თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს შორის. სირიის ტერიტორიიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ისლამისტებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

პარალელურად თურქეთში დიდი ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მხოლოდ სტამბოლში 100-ზე მეტი ჩხრეკა ჩატარდა. ოფიციალური ცნობებით, ოპერაციის შედეგად 251 ისლამისტი, ასევე ქურთული ექსტრემისტული ორგანიზაციების წევრია დაკავებული. ვითარება სირია-თურქეთის საზღვარზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც 20 ივლისს ქალაქ სურუჩში ტერაქტის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა.

 

კომენტარები