რეკლამა

სტიქიით დაზარალებულთა სესხების დასაფარად საქართველოს ბანკი თანხას გამოყოფს

13-14 ივნისის ღამის სტიქიით დაზარალებულთა სესხების დასაფარად საქართველოს ბანკი დამატებით თანხას გამოყოფს. 107 მსესხებელს (65 ოჯახი) სრულად დაეფარებათ ბანკში არსებული სასესხო ვალდებულება. საქართველოს ბანკის ინიციატივა, თბილისის მერიის მიერ მიწოდებული ოფიციალურად აღრიცხული სიის მიხედვით, დაზარალებულთა პირველ ორ კატეგორიაში მოხვედრილ მოქალაქეებს ეხება (ვისი საცხოვრისიც აღარ არსებობს ან დაზიანებულია და არ ექვემდებარება აღდგენას).

საქართველოს ბანკი განაგრძობს სასესხო ვალდებულების შემსუბუქების გზების დამუშავებას სიის მიხედვით პირველი ორის შემდგომ კატეგორიაში მოხვედრილი მოქალაქეებისთვის.

ცნობისთვის, საქართველოს ბანკმა და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 1.3 მილიონი ლარი სტიქიიდან რამდენიმე დღეში გადარიცხეს. მერიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, თანხა სრულად მოხმარდება სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

საქართველოს ბანკმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება სრულად ჩამოაწეროს ჯარიმა თბილისის მერიის მიერ მიწოდებულ სტიქიით დაზარალებულთა სიაში არსებულ ყველა მოქალაქეს, ვისაც ერიცხებოდა რაიმე საურავი დავალიანების გამო და ყველა დაზარალებულს მისცეს ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, მათ ვალდებულებებს არ დაერიცხება პროცენტი და არც ძირის დაფარვა მოეთხოვებათ.

 

კომენტარები