მცოცავი ოკუპაცია

აბაშიძე კარასინთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხს მწვავედ დააყენებს

საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრაღაში გრეგორი კარასინთან შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზის გამოწევასა და ე.წ. საზღვრის დემარკაციის პროცესის შესახებ ისაუბრებს - ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ მედიასთან სოფელ ორჭოსანთან ისაუბრა, სადაც ის ვითარების ადგილზე გასცნობად ჩავიდა.

მისი თქმით, როდესაც საქმე ადამიანების ბედთან გვაქვს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა შესაძლო არხი გამოვიყენოთ.

„ამის თაობაზე მექნება ძალიან მწვავე საუბარი - არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ფორმატში რა განიხილება, ადამიანის ბედთან გვაქვს ჩვენ საქმე და ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ... რამდენჯერმე მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან, რომ ე.წ. ბორდერიზაცია დასრულებულია. რამდენჯერმე ჩამოვიტანეთ ეს ინფორმაცია. და აი, გუშინდელი დღის ფაქტი" - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, კარასინთან მორიგ შეხვედრაზე დაგეგმილია საუბარი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაზე, ამიტომ ამ პრობლემის მოგვარების შანსის ხელიდან გაშვება და შეხვედრის გადადება მიზანშეწონილი არ იქნებოდა.

„ძალიან მიჭირს აქ საერთაშორისო სამართალზე და რაღაც მაღალ მატერიებზე საუბარი. წმინდა ადამიანური ელემენტარული ნორმების აბუჩად აგდებასთან გვაქვს საქმე. ზოგადად, მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვისი ტერიტორიის და ქონების მიტაცება, ადამიანების ასე დაჩაგვრა, რაც აქ ხდება, საბოლოო ჯამში არავის არ შერჩება." - ამბობს აბაშიძე.

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში 15 ივლისს გაიმართება.

ორი დღის წინ კი საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განახლდა. მას შემდეგ, რაც შიდა ქართლში „საზღვრის" აღმნიშვნელი ახალი ბანერები გამოჩნდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-სუფსას მილსადენის ნაწილი, რომლის ოპერირებასაც BP ეწევა.

მიმდებარე სოფლების მოსახლეობა საკუთარ მიწებსა და საძოვრებს ვეღარ იყენებს.

კომენტარები