სტიქია თბილისში

GWP: საკანალიზაციო კოლექტორის აღდგენამდე, მინი-გამწმენდ ნაგებობას მოვაწყობთ

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიამ ვერეს ხეობაში წყნეთის ქუჩასთან არსებულ საკანალიზაციო ქსელთან დაკავშირებით, ახალი საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტილება მიიღო. 

კერძოდ, კომპანიის ცნობით, რადგან შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, გზისა და განახლებული საკანალიზაციო ქსელის აღდგენას, დაახლოებით, 30 დღე დასჭირდება, ამ პერიოდის მანძილზე კომპანია, დროებით, ადგილობრივ მინი-გამწმენდ ნაგებობას მოაწყობს, რომლის მეშვეობითაც, მდინარე ვერეში დაბინძურებული წყლები აღარ ჩაედინება. 

"საკანალიზაციო კოლექტორი პირვანდელი სახით საგზაო და გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება", - აცხადებს GWP და აღნიშნავს, რომ საკანალიზაციო წყლების ჩადინება იმ ტერიტორიის სიახლოვეს არ ხდება, სადაც მოხალისეები მუშაობენ. 

"მოსახლეობას შევახსენებთ, რომ თბილისელებისთვის მიწოდებულ სასმელ წყალს არანაირი კავშირი არ აქვს მდინარე ვერეს წყალთან, რადგან დედაქალაქი სასმელი წყლით მარაგდება არაგვის ხეობიდან", - ნათქვამია განცხადებაში. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო გადაცემის მიერ მომზადებული ფილმიდან ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც ადიდებულმა ვერემ წყლისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა დააზიანა და ნაკადებმა ჟონვა დაიწყო, კრიზისების მართვის შტაბმა გადაწყვიტა, კანალიზაციის კოლექტორი მდინარეში ჩაეშვა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წარმომადგენლების თქმით, სტიქიამ იმდენად დააზარალა საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა, რომ კომპანიას სხვა არჩევანი არ დარჩა. ამასთან, კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო როგორც მერიასთან, ისე ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

აღსანიშნავია, რომ მოხალისეები ვერეში გამწმენდ სამუშაოებს ასრულებდნენ, თუმცა მათ საკანალიზაციო კოლექტორის შესახებ არაფერი იცოდნენ. GWP-ის განცხადებით, კოლექტორის ვერეში ჩაშვება ვერ დააზარალებდა მოხალისეებს.

„მივიღეთ დროებითი გადაწყვეტილება არა მარტო ჩვენ, ამაში იყო ჩართული მთლიანად ინფრასტრუქტურა, ქალაქის ხელმძღვანელობა, ვინაიდან ტექნიკური საშუალება არ არსებობდა და დროებით ჩავუშვით მდინარე ვერეში. ამ არეალში მოხალისეები არ არიან, ეს არის წყნეთის ქუჩის ბოლოში. ეს არის მდინარის ხეობაში, მაგრამ მოხალისეები იყვნენ ზოოპარკის ტერიტორიაზე, საკმაოდ მოცილებულ ადგილას“, - ამბობს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური დირექტორის პირველი მოადგილე ომარ გოცირიძე.

კომენტარები