სტიქია თბილისში

იმნაძე საკანალიზაციო კოლექტორზე: ამიტომ ვაფრთხილებდით მოხალისეებს

sazogadoeba.ge

საკანალიზაციო კოლექტორის მდინარე ვერეში ჩაშვების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის პაატა იმნაძის განმარტებით, ასეთ დროს შეიძლება დაზიანდეს კოლექტორი, ამიტომაც აფრთხილებდნენ საზოგადოებას პირველი დღიდან, რომ წყალთან ფრთხილად ყოფილიყვნენ.

„ამიტომაც იყო გაფრთხილება, პირველივე დღიდან, რომ წყალთან ყოფილიყვნენ ფრთხილად დაზიანებულ უბნებში, ამიტომაც იყო, რომ ისინი მარაგდებოდნენ სასმელი წყლით. ამიტომ ვაფრთხილებდით, რომ ტანი დაფარული ჰქონოდათ მაქსიმალურად ტანსაცმლით, როდესაც იმუშავებდნენ ტალახში. დიარიული დაავადებების უმრავლესობას საინკუბაციო პერიოდი აქვს 2-3 დღე, ფაქტი ის არის, რომ ჩვენ რაიმე გართულებები არ გვქონია და ავადმყოფები არ არიან“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო გადაცემის მიერ მომზადებული ფილმიდან ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც ადიდებულმა ვერემ წყლისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა დააზიანა და ნაკადებმა ჟონვა დაიწყო, კრიზისების მართვის შტაბმა გადაწყვიტა, კანალიზაციის კოლექტორი მდინარეში ჩაეშვა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წარმომადგენლების თქმით, სტიქიამ იმდენად დააზარალა საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა, რომ კომპანიას სხვა არჩევანი არ დარჩა. ამასთან, კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო როგორც მერიასთან, ისე ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

აღსანიშნავია, რომ მოხალისეები ვერეში გამწმენდ სამუშაოებს ასრულებდნენ, თუმცა მათ საკანალიზაციო კოლექტორის შესახებ არაფერი იცოდნენ. GWP-ის განცხადებით, კოლექტორის ვერეში ჩაშვება ვერ დააზარალებდა მოხალისეებს.

„მივიღეთ დროებითი გადაწყვეტილება არა მარტო ჩვენ, ამაში იყო ჩართული მთლიანად ინფრასტრუქტურა, ქალაქის ხელმძღვანელობა, ვინაიდან ტექნიკური საშუალება არ არსებობდა და დროებით ჩავუშვით მდინარე ვერეში. ამ არეალში მოხალისეები არ არიან, ეს არის წყნეთის ქუჩის ბოლოში. ეს არის მდინარის ხეობაში, მაგრამ მოხალისეები იყვნენ ზოოპარკის ტერიტორიაზე, საკმაოდ მოცილებულ ადგილას“, - ამბობს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური დირექტორის პირველი მოადგილე ომარ გოცირიძე.

 

კომენტარები