ფრანგული ვერტმფრენები

ფრანგული ვერტმფრენები შესაძლოა, აღარ გაიყიდოს

თინა ხიდაშელი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ფრანგული ვერტმფრენები შესაძლოა, აღარ გაიყიდოს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. ვერტმფრენები ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

"ის, რომ ეს ვერტმფრენები ამდენ ხანს გაჩერდა, რადგან არ გაიყიდა, უკვე დამატებითი ხარჯია. ამიტომ, შესაძლებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ გადაკეთდეს და სამხედრო საქმიანობისთვის იყოს გამოყენებული, ან გადაკეთდეს და სამაშველო, გარემოს დაცვის ან საზღვრის დაცვის სამსახურებმა წაიღონ. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ამ ვერტმფრენებზე მისაღებია", - თქვა ხიდაშელმა.

აღნიშნულ ვერტმფრენებთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემაც გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია, ვერტმფრენებმა დაიკავონ საჭირო ადგილი.

"ეს პუმას ტიპის ვერტმფრენები არის ძალიან თანამედროვე, აღჭურვილი უახლესი ნავიგაციისა და ავიონიკის საშუალებებით. მას შეუძლია საკმაოდ მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება. VIP ტრანსპორტირებისთვის მოწყობილი ვერტმფრენის დაშლა, გამოფატვრა და გადაკეთება საცოდაობაა. ძალიან დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული ეს ყველაფერი. მეორე ვერტმფრენის გამოყენებაც შესაძლებელია. თუ იქნება შესაბამისი პირობები, ჩვენ გვყავს მომზადებული ეკიპაჟები, გვაქვს ხედვები, კონცეფციები, გათვლები და აღნიშნულმა ვერტმფრენებმა, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია, დაიკავონ საჭირო ადგილი", - თქვა კაპანაძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 21 ივნისს მარნეულის საავიაციო ბაზაზე ყოფნისას სუპერ-პუმას ტიპის ფრანგული ვერტმფრენი დაათვალიერა. რასაც გამოხმაურება სოციალურ ქსელებში და მედიაში მოჰყვა - დაისვა კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ არ იყო გამოყენებული საფრანგეთში შეძენილი ვერტმფრენები 13 ივნისს, სტიქიის დროს სამაშველო ოპერაციაში.

კონტრაქტი ევროკოპტერის სუპერ-პუმას ტიპის ორი ვერტმფრენის შეძენაზე 2010 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საფრანგეთში ვიზიტის დროს გაფორმდა. მოგვიანებით საქართველომ ასევე ერთ მცირე ზომის ევროკოპტერის ვერტმფრენიც შეიძინა. როგორც მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის სექტემბერში აცხადებდა, სულ დაგეგმილი იყო 7 ახალი ვერტმფრენის შეძენა, რომლებიც სამაშველო, სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულებით იქნებოდა გამოყენებული. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, საქართველომ მალაიზიაში სუპერ-პუმას ტიპის მეორადი ვერტმფრენიც შეიძინა. სწორედ ეს ვერტმფრენი, რომელიც დღეს თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაშია, მარნეულის სამხედრო ბაზაზე თავდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ამ ვერტმფრენის ექსპლუატაციის ხარჯი საკმაოდ მაღალია.

2013 წელს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, ასევე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადეს, რომ საფრანგეთში შესყიდული ვერტმფრენები პრეზიდენტის გადასაადგილებლად, ძალიან ძვირად იყო შეძენილი და მათი გასხვისება იგეგმებოდა. თუმცა, ამ ტექნიკის გაყიდვა დღემდე ვერ მოხერხდა და ის კვლავაც გამოუყენებელია.

 

 

კომენტარები